სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ უკრაინის ომისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, განაახლოს მარცვლეულის შეთანხმების მუშაობა. შეხვედრის შიფრი კრემლის საიტზე გამოქვეყნდა.
"ჩვენ აქ არ მოვსულვართ, რომ რაღაც "საჩუქრები" გვეთხოვა. რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ გულუხვობის გამო გადაწყვიტეთ მარცვლეული უსასყიდლოდ მიაწოდოთ აფრიკის ზოგიერთ ქვეყანას, რომლებიც გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, თუმცაღა ეს ჩვენი მთავარი მიზანი არაა. ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ ამ ტიპის რაიმე სახის მიწოდებას მივაღწიოთ", - განაცხადა რამაფოსამ.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფრიკის ქვეყნებმა შესთავაზეს რუსეთს მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის განახლება და ისაუბრეს "შავი ზღვის გახსნის" აუცილებლობაზე, რათა ის "ღია იყოს მსოფლიო ბაზრებისთვის".
მანამდე ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-აფრიკის ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა მომდევნო სამ-ოთხ თვეში აფრიკის რამდენიმე ქვეყანას უსასყიდლოდ მიაწოდოს 25-50 ათასი ტონა მარცვლეული.
მარცვლეულის შეთანხმების ვადა 17 ივლისს გავიდა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილი არ შესრულდა. 18 ივლისის შემდეგ რუსეთი უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურას ბომბავს, მათ შორის ოდესაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამას ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების გამო "შურისძიებას" უწოდებს.